ირაკლი კობახიძე - 2012 წლის ჩათვლით, სააკაშვილის რეჟიმი 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის თარიღს, ხუთი წელი 8 აგვისტოს დადიოდნენ მუხათგვერდში, როგორ შეიძლება, ხუთი წლის შემდეგ გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში?
ირაკლი კობახიძე - 2012 წლის ჩათვლით, სააკაშვილის რეჟიმი 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის თარიღს, ხუთი წელი 8 აგვისტოს დადიოდნენ მუხათგვერდში, როგორ შეიძლება, ხუთი წლის შემდეგ გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში?

2012 წლის ჩათვლით, სააკაშვილის რეჟიმი 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს. ხუთი წელი 8 აგვისტოს დადიოდნენ მუხათგვერდში და როგორ შეიძლება, ხუთი წლის შემდეგ გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში? ეს ხომ შეუძლებელი, წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციის გათვალისწინებით, მომგებიანიც კი არის, რომ აგვისტოს ომის დაწყების თარიღი არა 7 აგვისტოს, არამედ 8 აგვისტოს აღინიშნებოდეს.

„„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ომის დაწყების თარიღს აღნიშნავდნენ რვა აგვისტოს, თუ არ ვცდები, 2013 წლის ჩათვლით. ყოველ შემთხვევაში, 2012 წელს ნამდვილად აღინიშნებოდა. 2009-2010-2011-2012 წლებში აღინიშნებოდა და თურმე შემდეგ გაიგეს, რომ არა 8 აგვისტო, არამედ 7 აგვისტო არის. აქედან ჩანს, რომ ცდილობენ, ყველაფერი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ. ეს არის პოლიტტექნოლოგიები. ცდილობენ, ნებისმიერი საკითხი გამოიყენონ საზოგადოების გასახლეჩად. სურთ, 7-8 აგვისტოც იყოს საკითხი, რომელმაც უნდა გახლიჩოს საზოგადოება. ეს არის მარტივი გათვლა, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული გათვლები. წლების განმავლობაში თვითონ აღნიშნავდნენ ამ თარიღს 8 აგვისტოს, შემდეგ კი იმის გამო, რომ სააკაშვილს ექმნებოდა უხერხულობა – 2013 წელს ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და არ უნდოდა, იმავე დღეს გამოსულიყო მუხათგვერდში, ამის გამო 7 აგვისტოს უნდა აღენიშნათ თარიღი.

მგონია, რომ ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციის გათვალისწინებით, სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც არის ამ თარიღის რვაში აღნიშვნა. შეგახსენებთ, რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც „ნაცმოძრაობამ“ მოაწერა ხელი. იქ წერია, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილმა დაიწყო ომი და ამას პასუხად მოჰყვა 8 აგვისტოს რუსეთის რეაქცია. აქედან გამომდინარე, ამის გათვალისწინებითაც სახელმწიფოსთვის უფრო მომგებიანია 8 აგვისტოს აღნიშვნა. შესაბამისად, გაგრძელდა ტრადიცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა. 8 აგვისტოს აღინიშნებოდა თარიღი და ახლაც აღინიშნება 8 აგვისტოს.

ხუთი წელი 8 აგვისტოს გადიოდნენ მუხათგვერდში, 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ამ თარიღს, როგორ შეიძლება, ხუთი წლის შემდეგ გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში? ეს ხომ შეუძლებელი,  წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერში რაღაც სპეკულაციებს ეძებენ, წყაროს ეძებენ სპეკულაციებისთვის. ეს, უბრალოდ, წარმოუდგნელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას, მიზანს, რაღაცნაირად ერთმანეთთან დააპირისპირონ საზოგადოება. ომის დაწყება ნიშნავს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას, ეს არის ომის დაწყება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანიც არის, რომ 8 აგვისტოს აღვნიშნოთ ეს თარიღი და არა ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ საუბრობთ ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობაზე და არა რუსეთზე, როგორც მტერზე, ოკუპანტზე, კობახიძემ აღნიშნა:

„ტყუილია. ჩემი საუბარი სწორედ იმით დავიწყე, რომ 2008 წელს რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. პირველ რიგში, ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას აუცილებლად უნდა შევახსენოთ ის ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ეს იყო პირდაპირ ღალატი, სამშობლოს ღალატი. სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ მათ 2008 წლის ივლისში დააინიცირეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე და სექტემბერშივე მიიღეს ეს ცვლილება. ივლისში დააინიცირეს, ომამდე ერთი თვით ადრე და ომიდან ერთ თვეში მიიღეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღების თაობაზე. როგორც ჩანს, მაშინაც ჰქონდათ შიში, ეშინოდათ ღალატის, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს. ეს ღალატი არის მთავარი დანაშაული. მათ უამრავი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი –  ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.