ირაკლი კობახიძე - 2012 წლიდან მოყოლებული ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსები გვიგზავნიდნენ წერილებს, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, რომ დღეს რეჟიმის კონკრეტული ლიდერები სხედან ციხეში
2012 წლიდან მოყოლებული ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსები აკეთებდნენ განცხადებებს, გვიგზავნიდნენ წერილებს ე.წ. პოლიტპატიმრების განთავისუფლების თაობაზე, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ დღეს იმ რეჟიმის კონკრეტული ლიდერები სხედან ციხეში და გარდა ამისა, არა ერთ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, არის გაქცეული, მიმალული საქართველოდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
უმრავლესობის წევრმა პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილზე გააკეთა კომენტარი, სადაც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს და სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას საფრთხე შეექმნას.
„თუ ასეთი განზრახვა იყო, არ მეპარება ეჭვი პრეზიდენტის განზრახვაში. ამისთვის, ამ განზრახვისა და მოტივაციისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რაც შეეხება საფრთხეებს, ამაში ვერ დავეთანხმები. ჩვენ არ გვგონია, რომ ქვეყანას ჰქონდა შიგნით თუ გარეთ რაიმე ტიპის საფრთხეები.
2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ გვახსოვს, რომ ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს, გვიგზავნიდნენ წერილებს ე.წ. პოლიტპატიმრების განთავისუფლების თაობაზე, 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო ეს ყველაფერი, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ დღეს იმ რეჟიმის კონკრეტული ლიდერები სხედან ციხეში და გარდა ამისა, არა ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით არის გაქცეული, მიმალული საქართველოდან და თავს აფარებს სხვა ქვეყანას, ეს არის რეალობა. ამ წერილებს ხელი არ შეუშლია ჩვენთვის 2012 წლიდან მოყოლებული და როგორმე ამ ტალღასაც გადავაგორებდით, ეს არ იყო მაინცდამაინც დიდი ტალღა როგორც ხედავთ. თუმცა, როგორც ჩანს პრეზიდენტმა ასეთ გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.