ირაკლი კობახიძე - 2008 წლის ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, მაგალითად, როგორ უწოდეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, რატომ მიიღეს კანონი, რომლითაც აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა.
კობახიძე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა: რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“
„2008 წლის ომთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა. დაწყებული იმით, როგორ მოხდა პროცესების ინიცირება. მაგალითად, როგორ უწოდეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას და რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? რატომ მიიღეს კანონი, რომლითაც აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები? რატომ ჩატარდა ალტერნატიული და არალეგიტიმური არჩევნები ცხინვალის რეგიონში? ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა სხვა ავანტიურისტული ნაბიჯებით. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ამას ემატება ღალატი, რაც არის დოკუმენტირებული, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც, ერთი, ეწერა, რომ ქართულ ჯარს ჩადენილი ჰქონდა სამხედრო დანაშაულები. „ნაცმოძრაობის“ მოღალტეობრივი ჩანაწერის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, სტრასბურგშიც და ჰააგაშიც დაგვემტკიცებინა, რომ ქართულ ჯარს არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი 2008 წლის ომის დროს.
პირიქით, ჩვენი სამხედროები გმირულად იბრძოდნენ 2008 წელს და არავითარი სამხედრი დანაშაული არ ჰქონდათ, რაც მათ „ნაცმოძრაობამ“ დოკუმენტზე ხელმოწერით დააბრალა. ჩვენ ბოლომდე დავიცავით ჩვენი ჯარის პოზიციები და სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ, მაგრამ იმ დოკუმენტში წერია მეორე რამ, იქ წერია, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ომი დაიწყო სააკშვილმა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს – რატომ ჩაწერეს ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რა იყო ამ ღალატის მიზეზი? ასეც და ისეც, ეს ღალატია. რამ განაპირობა ჯერ წინა ნაბიჯები და შემდეგ კულმინაცია, ევროსაბჭოს რეზოლუცია, ამაზე გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.