საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუჩინსკისა და სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, მარეკ კუჩინსკი და სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმისა და სენატს შორის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან და პირველ ვიცე-პრემიერ პიოტრ გლინსკისთან.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მალგორჟატა გოშიევსკასთან და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ქართველ სტუდენტებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ლექცია ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული სწავლების ცენტრში.
ირაკლი კობახიძე ვარშავაში, აჯანყების მუზეუმს დაათვალიერებს და ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ძეგლს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გვირგვინით შეამკობს წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნის დაფას და უცნობი ჯარისკაცის საფლავს.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, გელა სამხარაული, მერაბ ქვარაია და ლაშა დამენია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.