ირაკლი კობახიძე - 117 დეპუტატს აქვს დადასტურებული დოკუმენტის მხარდაჭერა, შესაბამისად, მიზერულია რისკი, რომ ცვლილებები არ გავიდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიზერულია რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავიდეს.
კობახიძემ უპასუხა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ჩვენი ფრაქციიდან შვიდი ხმა გვაქვს, რაც არის ჩვენი შესაძლებლობა. რამდენად იღებთ თქვენ პასუხისმგებლობას, რომ როგორც მაშინ დაგვაყენეთ ახალი რეალობის წინაშე, კვირასაც ამ რეალობის წინაშე არ დავდგებით“.
კობახიძის თქმით, ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე მცირეა, რადგან დოკუმენტზე მხარდაჭერა ჯამში 117 დეპუტატს აქვს დადასტურებული.
„ჩვენგან, „ქართული ოცნებიდან“ არის 92 პარლამენტის წევრი და რაც შეეხება უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებს, დადასტურებული აქვს 25 დეპუტატს, რაც არის ჯამში 117. აქ არის ერთი პატარა ნიუანსი. ემზარ კვიციანმა დატოვა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია. ემზარ კვიციანიც იყო შესაბამისად თავის დროზე შეთანხმების ნაწილი. გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმების ხელმოწერის დროს ის იყო „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიისა და ფრაქციის წევრი, შესაბამისად აქ ალბათ მოსაკითხია, კონსულტაციები დაგვჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აძლევს ის ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ყველა შემთხვევაში არის გარანტირებული ის, რომ 113-ზე რამდენიმე დეპუტატით მეტი მისცემს ხმას ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციური პროექტი პირველი მოსმენით 21 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.
ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.