ირაკლი კობახიძე - 116 დეპუტატი მყარად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ 29 ივნისს პროცესი წარმატებით დასრულდება
116 დეპუტატი მყარად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ 29 ივნისს ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, „ევროპული საქართველო“ მიიღებს თუ არა ამ კენჭისყრებში მონაწილეობას, 29 ივნისს კანონის მიღება წარმატებით დასრულდება.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ დეპუტატს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვქონდა დათვლილი ხმები. როგორც მოგეხსენებათ, „ევროპული საქართველოს“ გარეშე დათვლილი იყო 117 ხმა, რასაც შემდეგ ემზარ კვიციანი, ანუ 116 დეპუტატს ჰქონდა დადასტურებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა, რაც იყო საკმარისი ამ ცვლილებების მიღებისთვის და დღეს უკლებლივ 116-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს და მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. აღარ ვისაუბრებ დიდხანს ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე. პირველად, ამ 25 წლის მანძილზე, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, არჩევნები ჩაატაროს ისეთი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებების მიღება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ 29 ივნისს წარმატებით დასრულდება კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს 116-მა დეპუტატმა, თითოეულმა დეპუტატმა, ვინც ადასტურებდა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას, მისცა ხმა ამ პროექტს, სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფრთხის ქვეშ ამ კანონის მიღება არ დგას. 29 ივნისს წარმატებით დასრულდება ამ კანონის მიღება. მნიშვნელობა არ აქვს „ევროპული საქართველო“ მიიღებს, თუ არ მიიღებს ამ კენჭისყრებში მონაწილეობას, დღეს ისინი ელჩების განცხადების შემდეგ გახდნენ იძულებული, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ალბათ ისინი იძულებული გახდებიან, ასევე მეორე და მესამე მოსმენაზე, თუმცა, მათი ხმების გარეშეც ძალიან მარტივად გავა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რადგან მას მათ გარეშეც ექნება 116 დეპუტატის მხარდაჭერა“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, პატიმრის გათავისუფლება ვერ იქნება მმართველი პარტიის კომპეტენცია.
„ეს არის სასამართლოს კომპეტენცია და სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ როდესაც „ევროპული საქართველო“ ითხოვს მმართველი პარტიისგან პატიმრის გათავისუფლებას, ამით ისინი ადასტურებენ, რომ დღემდე ვერ გაიგეს, რა არის ხელისუფლების დანაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო. ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებენ.
რა თქმა უნდა, კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარის თქმა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის არის ბუნებრივია, მიუღებელი. ეს ეხება ყველა დეპუტატს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ 116 დეპუტატი მყარად უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც ჩვენ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ 29 ივნისს წარმატებით დასრულდება ეს პროცესი“,- განაცხადა კობახიძემ.
136 ხმით პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა.