ირაკლი კობახიძე - 11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელზეც ყველამ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები
ირაკლი კობახიძე - 11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელზეც ყველამ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები

11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები, უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, წინასაარჩვენო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა 12 წლის მანძილზე ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგები და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების ნაწილი.

„მოგესალმებით, მეგრელებო, მოგესალმებით, სვანებო, მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი მხარის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის შვილებს. მოგესალმებით აფხაზეთიდან დევნილებს, მივესალმები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა, მივესალმო სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედ და მომავალ წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში.

სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბუნებით და უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობით. სამეგრელო და სვანეთი ინახავს უამრავ საუნჯეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ, სარწმუნოებრივ და კულტურულ თვითმყოფადობას ქმნის. რაც მთავარია, სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსების მატარებელი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც ყოველთვის შეჰქონდათ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული თქვენგანის მიმართ.

11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, უნდა ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები, უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო პოლიტიკოსების, უცხოელი აგენტების ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც კლავდა და აწამებდა ადამიანებს, ძარცვავდა ბიზნესს, იტაცებდა ტელევიზიებს. ამ რეჟიმმა ჩართო ქვეყანა ომში 2008 წელს და დაგვაკარგვინა დროებით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. ამ ყველაფერთან ერთად, 2012 წლამდე ქვეყანაში იყო უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ხალხს დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, რომ ეს ვითარება რაიმეს ან ვინმეს შეიძლებოდა შეეცვალა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკურ ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დააყენა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც საქართველომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით მიაღწია. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისთვის.

2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყო ქვეყნის ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით: ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან გავზარდეთ 90 მილიარდ ლარამდე, ხოლო 2028 წლისთვის 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; ქვეყნის ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ, 2028 წელს კი ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს; გავანახევრეთ უმუშევრობა. მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170,000 სამუშაო ადგილი, ხოლო 2028 წლის ჩათვლით დამატებით 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება; 712.5 ლარიდან 2 005 ლარამდე გავზარდეთ საშუალო ხელფასი, რომელიც 2028 წელს 3 500 ლარს მიაღწევს; 2012 წლის შემდეგ 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით სიღარიბეს დამატებით 300 000-მდე ადამიანი დაძლევს, რის შემდეგაც სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება; მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში ხუთი მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დამატებით ცხრა მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ;

2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. მომავალ წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რაც სამეგრელოდან და სვანეთიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში და დედაქალაქში მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აშენდება ახალი ავტომაგისტრალი თეკლათიდან ანაკლიამდე, რაც, ბუნებრივია, ანაკლიის პორტსაც მოემსახურება და ზოგადად ამ რეგიონს; ვიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც სამეგრელოს განვითარებას ახალ სტიმულს შესძენს; 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, 2028 წლის ჩათვლით, ასობით ახალი საწარმო და 70 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება; ორჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამი მილიარდი გამოიყოფა, ცნობისათვის, დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იყო გამოყოფილი 2012 წლისთვის; სწრაფად ვითარდება ტურიზმი.

2028 წლისთვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა – 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ვიწყებთ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას;  2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება სამჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო, ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება; ორ მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი – სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი – მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი – მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის; 2012 წლის შემდეგ სამჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს ბუნებრივი აირით მოსახლეობის 93% იქნება უზრუნველყოფილი. 15-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ინვესტიციები წყალმომარაგებაში. მომავალ წელს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომა ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება; 2012 წლამდე ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, 2012 წლის შემდეგ კი 109 იუსტიციის სახლი აშენდა, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 12 იუსტიციის სახლი გაიხსნება და ამით მთელი ქვეყანა დაიფარება;

2012 წლის შემდეგ ოთხჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება. საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო და შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ავაშენეთ 174 სკოლა და დავასრულეთ 1 000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო ოთხ წელიწადში კი 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება; ოთხჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება და შედეგები არის სახეზე – მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც სპორტულ მიღწევებზეც სათანადოდ აისახა და მომდევნო წლების განმავლობაში ვიწყებთ ორმილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის;

ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. ოთხჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, ხუთჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა ჩვენი მოსახლეობისთვის,  72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155 000-ით გაიზარდა საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა. ხუთჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. სამჯერ გავზარდეთ პენსიები. იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია – 350 ლარი, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის.

35 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში დამატებით 6 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. დღეს დავიწყეთ ზუგდიდში 1700 ოჯახისთვის განკუთვნილი სპეციალური საცხოვრებლის, შვიდი კორპუსის მშენებლობა, რაც დასრულდება 2027 წელს. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც გავაკეთეთ გასული 12 წლის მანძილზე და რის გაკეთებასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება.

„რაც მთავარია, ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს ომი არ ჰქონია. ახლაც „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას და უზრუნველყოფს ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველოს გამთლიანება. ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრშია გამყოფი ხაზი, რომელიც ხელოვნურად გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მხარეს – აფხაზეთს. გამყოფი ხაზი ხელოვნურად გვაშორებს ადამიანებს, მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებსა და დებს, რომლებიც ენგურს გაღმა ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, ერთად შევქმნით საქართველოს ნათელ მომავალს და ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს  ქართული სახელმწიფო! ღმერთი ფარავდეს ამ ულამაზეს მხარეს და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ – განაცხადა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.