ირაკლი კობახიძე - სინამდვილეში, სალომე სამადაშვილის შემთხვევაში საზოგადოებამ გაიგო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად ყალბი პოლიტიკური ძალაა
სინამდვილეში, რაც მაგალითად, სალომე სამადაშვილის შემთხვევაში საზოგადოებამ გაიგო, არის, რომ აბსოლუტურად ყალბი პოლიტიკური ძალაა. ერთ რამეს ფიქრობენ და გარეთ მეორეს ლაპარაკობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ სალომე სამადაშვილის ხმა ისმის.
კობახიძე მიიჩნევს, რომ ახლა აქცენტი არა ინფორმაციის მოპოვების წყაროზე, არამედ ამ საუბრის შინაარსზე უნდა გაკეთდეს.
„რეალურად, ეს არის აქცენტების გადატანა. სინამდვილეში, რაც მაგალითად, სალომე სამადაშვილის შემთხვევაში საზოგადოებამ გაიგო, არის, რომ აბსოლუტურად ყალბი პოლიტიკური ძალაა. ერთ რამეს ფიქრობენ და გარეთ მეორეს ლაპარაკობენ. მუდმივად გვესმოდა კონკრეტულად სალომე სამადაშვილის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ იყო პრორუსული პოლიტიკური ძალა და რუსული საქმის განმახორციელებელი პოლიტიკური ძალა. ვნახეთ, რომ თავის პირად საუბარში მეგობართან და კოლეგასთან ყველაფერი საპირისპიროდ ყოფილა. მოდით, ნუ გადაიტანენ იქიდან აქცენტს იმაზე, რასაც ისინი საუბრობენ. ანუ, ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ რეალურად პროდასავლური ძალა, გარეთ ლაპარაკობენ, რომ ვართ პრორუსული პოლიტიკური ძალა. ეს არის მთავარი.
არ ვიცი, ვინ ვის მოუსმინა. არის გარკვეული ფარული ჩანაწერი და ეს ჩანაწერი ცხადყოფს, რომ ეს არის აბსოლუტურად ყალბი პოლიტიკური ძალა, რომელიც დაკომპლექტებულია ყალბი ადამიანებით. თუ ამ ადამიანებს უსმენს სახელმწიფო უწყება, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა. მაგრამ, რაც შეეხება იმ ფარულ ჩანაწერს, რომელიც გავრცელდა, ჩვენ არ ვიცით, რა არის ამ ფარული ჩანაწერის წყარო. ამიტომ, მოდით, აქცენტი გავაკეთოთ ამ საუბრის შინაარსზე და არა ამ ინფორმაციის მოპოვების წყაროზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.