ირაკლი კირცხალია - სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციით არის დაკავებული, როგორ შეიძლება, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის რომელიმე ვიზიტს დადებითი შედეგი მოჰყვეს
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის რომელიმე ვიზიტს როგორ შეიძლება, დადებითი შედეგი მოჰყვეს? – სალომე ზურაბიშვილი მხარეა, რომელიც ჩართულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქმედებებში და არჩევნებში მონაწილეობას პირდაპირ იღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციით არის დაკავებული.
„ახლა მათი პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებს, მისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? ეს ადამიანი დაკავებულია დესტრუქციით. მგონი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მესიჯბოქსებს უდგენს. სადაც არ უნდა წავიდეს, პირველ რიგში, არაკონსტიტუციურად იქცევა და, მეორე მხრივ, პირდაპირ არასახელმწიფოებრიობას და მისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პრეზიდენტი ამჯერადაც მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება საზღვარგარეთ.