ირაკლი კირცხალია - როგორ შეიძლება, მეგობარი ქვეყნის უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლები უაპელაციოდ, ფაქტების გარეშე დაასანქცირო, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად ანტიდემოკრატიული?
რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ანტიდემოკრატიული, იმაზე მეტად ბატონყმური დამოკიდებულების ამსახველი, რაც, სამწუხაროდ, სანქციების დაწესებით გამოჩნდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოსგან? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ აშშ-ის მიერ ოთხი პირის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კირცხალიას თქმით, არ შეიძლება პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის მოქალაქის, განსაკუთრებით ძალოვანი, უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლების დასანქცირება სრულიად უაპელაციოდ, ნებისმიერი ახსნა-განმარტების, ფაქტებისა და მოცემულობის გარეშე.
„უმაღლეს დონეზე ბატონმა პრემიერმაც, და არამხოლოდ, გავაკეთეთ განცხადებები, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა მზად არის ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებები, ასეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, ნამდვილად არ ემსახურება გადატვირთვის პოლიტიკას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.