ირაკლი კირცხალია - ელისაშვილის „ლელოსთან“ შეერთებას მივესალმები, მანამდე ანა დოლიძე შეუერთდა, ამას დავარქმევდი პარტია „პრინციპულებს“
ალეკო ელისაშვილის „ლელოსთან“ შეერთებას მივესალმები, მანამდე ანა დოლიძე შეუერთდა, ამას დავარქმევდი პარტია „პრინციპულებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, „ლელო“ იქნება თუ „ახალი“, ისინი არიან ერთი ორგანიზმი, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“.
„რაც შეეხება „ლელოს“ და მის დამფუძნებლებს, სასამართლომ მათ როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში გამოუტანა განაჩენი. საზოგადოებაც და ჩვენც კარგად ვხედავთ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ბიუჯეტის მეოთხედს ედავებოდა თავის მოსახლეობას. პოლიტიკოსია, მოსახლეობას ხვდება და თან 200 000 სამუშაო ადგილზე საუბრობს. ალეკო ელისაშვილი შეუერთდება კიდევ, მანამდე ანა დოლიძე შეუერთდა, ამას დავარქმევდი პარტია „პრინციპულებს“. არ აქვს მნიშვნელობა, „ლელო“ იქნება თუ „ახალი“ ან რა ფერის ჰალსტუხს დაიკიდებენ, ისინი არიან ერთი ორგანიზმი, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. მათი დაქსაქსვა, დაყოფა ემსახურება ერთადერთს, რომ დედა პარტია, „ნაცმოძრაობა“, რომელსაც, ყველამ ვიცით, არ აქვს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა, შეიქმნას ასე პატარ-პატარა ნაწილაკებით. კარგად გადახედეთ, მათ პოლიტსაბჭოში იქნება, თუ გუნდში ვინც არიან, ან ვისაც ვუყურებთ მედიის საშუალებით, არ არის აუცილებელი, პარტიის წევრი იყო. ვინც წევრი არ იყო, პირდაპირ აფელირებული იყო მათთან თუ მათ რეჟიმთან, კულტურის სფერო იქნება თუ სხვა. ესენიც არიან მათი წევრები, ყველა ცდილობს, როგორმე მიუახლოვდეს და გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი, თორემ ეს ერთი ორგანიზმია და ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის „ლელოსთან“ შეერთებას, მივესალმები და ვულოცავ „ლელოს“ ალეკო ელისაშვილის შეერთებას პარტია „პრინციპულებთან“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.