ირაკლი კირცხალია - ბორელის განცხადება ოთხმაგი სტანდარტისაც კი აღარ არის, გვადარებენ ქვეყანას, რომელიც ისევ დსთ-ის წევრია და საქართველოს ყველა მიმართულებით ჩამორჩება
ირაკლი კირცხალია - ბორელის განცხადება ოთხმაგი სტანდარტისაც კი აღარ არის, გვადარებენ ქვეყანას, რომელიც ისევ დსთ-ის წევრია და საქართველოს ყველა მიმართულებით ჩამორჩება

ლობისტების ჯგუფს ემატება კიდევ ახალი სახელები და გვარები, რომლებიც ღიად არიან ჩართული დესტრუქციული ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობიზმში. იქნება ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ აშშ-დან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ბორელის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება რეალობასთან ყოვლად შეუსაბამოა.

„არ ვიცი, ბორელის განცხადებას რა უნდა ვუწოდო. ეს განცხადებები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი სტანდარტისაც კი აღარ არის. მით უმეტეს, ვის გვადარებენ? ქვეყანას, რომელიც ისევ დსთ-ის წევრია და რომელიც საქართველოს ყველა მიმართულებით ჩამორჩება. საზოგადოებისთვის ასეთი განცხადება, სულ მცირე, შეურაცხყოფაა. სამწუხაროდ, მიზანი ისევ ერთია – იმ ლობისტების ჯგუფს ემატება კიდევ ახალი სახელები და გვარები, რომლებიც ღიად არიან ჩართული დესტრუქციული ოპოზიციის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობიზმში, ეს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ აშშ-დან.

ამ ვიწრო ჯგუფებსა და მათ მიერ ლობირებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, განსაკუთრებით ასეთი სამმაგი, ოთხმაგი და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ, ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ღირსეულ პასუხს გასცემს.  ბორელის მხრიდან წინასაარჩევნოდ კეთდება განცხადება, რომელიც ყოვლად არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.

როდესაც გამოდიხარ და საქართველოს მოლდოვას ადარებ, ამბობ, რომ საქართველოში ბნელა და მოლდოვაში სინათლე და დემოკრატიის შუქურაა, როგორ შევაფასოთ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება? ამის შემდეგ ობიექტური ეჭვი მიჩნდება, რომ ბორელი ამ განცხადებით იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს. იქნებ აგვიხსნას, რომელი კრიტერიუმებით და რა ფაქტებზე დაყრდნობით გვესაუბრება? ამას ახსნა არ აქვს – ეს არის წინასაარჩევნო მშრალი განცხადება, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული. ამის შემდეგ რატომ არ უნდა გამიჩნდეს ეჭვი, რომ ეს რაღაც დონით ლობიზმს და წინასაარჩევნო პერიოდში უხეშ ჩარევას ემსახურება?“ – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლდოვა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რუსეთის მხრიდან მზარდი დაშინების მიუხედავად.

„ჩვენ ვაფასებთ მოლდოვის მთავრობის გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე და განვაგრძობთ მხარდაჭერას. საქართველოში უარესი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს და ავტორიტარიზმისკენ ხრის“, – განაცხადა ბორელმა.