ირაკლი კიკნაველიძე - ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა ახლა გაიგო, რომ საქართველოში სიღარიბე იზრდება
ირაკლი კიკნაველიძე - ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა ახლა გაიგო, რომ საქართველოში სიღარიბე იზრდება

ეტყობა, ბიძინა ივანიშვილმა ახლა გაიგო, რომ საქართველოში სიღარიბე იზრდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირველი არხისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში სიღარიბის მზარდ ტენდენციაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში სიღარიბე იზრდება და მოსახლეობას ძალიან უჭირს, ეს არის ის, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს ახლა გაიგო ეტყობა ივანიშვილმა და ახლა გადაბრალებას ცდილობს ან ბანკებზე ან მის მიერ არჩეულ ადამიანებზე, როგორიც ბატონი კვირიკაშვილი ან ბატონი ღარიბაშვილი იყვნენ, ან საერთოდ სხვა პოლიტიკურ პარტიებზე. მაგრამ, პასუხისმგებლობა არც ბანკებზეა, არც კვირიკაშვილზეა, არც ღარიბაშვილსა და ალავიძეზე, არც სხვა პოლიტიკურ პარტიებზე. პასუხისმგებლობა არის მასზე, ადამიანზე, რომელმაც დადო პირობა და აიღო პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე 2012 წელს“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველი არხის გადაცემის – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმარი იყო. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პირველ არხთან ინტერვიუში ყველა იმ აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, რომელიც პოლიტიკაში მის დაბრუნებას და პარტია „ქართული ოცნების“ გეგმებს უკავშირდება.