ირაკლი კიკნაველიძე - ეს არ იყო არჩევნები, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებდა, ამიტომ, ისევ ბოიკოტის რეჟიმში ვართ
ეს არ იყო არჩევნები, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებდა და ამიტომ, ჩვენ ისევ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნებისთვის ბრძოლა ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში რწმენა შევინარჩუნოთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. ახალი არჩევნებისთვის ბრძოლა არის გზა, რითაც შეიძლება, საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელსაც ამ ქვეყანაში ცვლილებების მოტანა შეუძლია, დემოკრატიული ცვლილებების რწმენა არ დავუკარგოთ“, – განაცხადა კიკნაველიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა, რომ ამის დასამტკიცებლად მარნეულის ინციდენტიც საკმარისია, რომელიც ვიდეო მტკიცებულებებით არის გაჯერებული და გამოძიება ამ საქმეზეც კი არ არის ბოლომდე მიყვანილი.
„ბოლომდე მიყვანილია კი არა, ის ხმებიც ჩათვლილია. ასევე, როგორ შეიძლება, ავხსნათ ის, რომ თუ ცარიელი კონვერტების რაოდენობა 2012 წელს 2 816 იყო, 2016 წელს კი 2 820, 2020 წელს 8 404 გახდა? რა მოხდა ჩვენ საზოგადოებაში ასეთი, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს, ამ პანდემიის დროს საარჩევნო უბანთან მისულიყვნენ, რიგში ჩამდგარიყვნენ და მერე ბიულეტენები სახლში წამოეღოთ? გარდა ამისა, ისეთი უბნების რაოდენობა, სადაც ზედმეტი ბიულეტენები აღმოჩნდა, 2012 წელს 19 იყო, 2016 წელს 29, წელს კი 206-ია. ამით პირდაპირ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მასშტაბზეც და იმ პოლიტიკურ ნებაზეც, რაც ამ მასშტაბებს ახლდა, არჩევნების შედეგების მანიპულირება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო სისტემურად მართული პროცესი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურების, პოლიციის განყოფილებების და პარტიული სტრუქტურების მიერ იმართებოდა და, რაშიც ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა“, – განაცხადა კიკნაველიძემ.
მისი თქმით, ამ დრომდე არ არის ბრალდებული კაცი, რომელიც ურნაში ბიულეტენებს ყრის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს პროცესი ხელისუფლების მიერ იყო ორკესტრირებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით დებატებში მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ იქ, სადაც პროცედურები არსებითად იყო დარღვეული, ხმები არსად არ არის ჩათვლილი.