ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი მხალაძის განცხადებით, მიიღებს თუ არა დედაქალაქის გენერალურ გეგმას თბილისის მერია, რამდენიმე დღეში – ორშაბათს ან სამშაბათს გახდება ცნობილი.
ხმალაძის განმარტებით, მერია გადაწყვეტილებას ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
„გენერალურ გეგმას მივიღებთ თუ არა, ამაზე ახლა განცხადებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ, რადგან ამ თემაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. ორშაბათს ან სამშაბათს განცხადება გაკეთდება მერიაში. ნებისმიერ შემთხვევაში, მერიის გადაწყვეტილება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება, რათა ქალაქს სრულყოფილი და შესრულებადი გენერალური გეგმა ჰქონდეს“, – განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერის თქმით, გუშინ გენერალური გეგმა შინაარსობრივად განიხილეს და პოლიტიკოსებს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადაუტანიათ.
„გენერალური გეგმის გუშინდელი განხილვა საკმაოდ პოზიტიური იყო. კარგი იყო ის, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ იყო გადატანილი და შინაარსობრივად მსჯელობის საშუალება მოგვეცა. პოლიტიკოსებმა განცხადებებისგან თავი გარკვეულწილად, შეიკავეს. შესაბამისად, იყო იმ მნიშვნელოვანი საკითხების პროფესიული განხილვა, რომელიც შეიძლება წინაპირობა ან პირობა გახდეს იმისა, რომ შეიძლება, მუნიციპალიტეტმა გენერალური გეგმა ვერ მიიღოს“, – განმარტა ირაკლი ხმალაძემ.