ირაკლი ხმალაძე - ყველა სამშენებლო სამუშაოს წარმოების დროს მონიტორინგი განხორციელდება
რამდენიმე კვირის წინ, თბილისის მერისგან მივიღეთ დავალება, შეგვემუშავებინა ახალი კონცეფცია, რომ მერიის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს უზრუნველყოფილი იყოს ხარისხის მაღალი სტანდარტი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება, იქნება ექსპერტიზირებული და სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს მონიტორინგი განხორციელდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მივცეთ მითითება ყველა გამგეობასა და ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას მერიის სისტემაში, რომ საპროექტო სამუშაოების მიღება განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური და ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში წარსულში ადგილი არ ჰქონია და ამიტომაც, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდა. აქედან გამომდინარე, ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება, იქნება ექსპერტიზირებული და სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, მონიტორინგი განხორციელდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს საპროექტო გადაწყვეტების შესრულება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.