ირაკლი ხმალაძე - თბილისის მერია ასი ახალი ავტობუსის შესაძენად 50 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
თბილისის მერია ასი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად 50 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, – ამის შესახებ ვიცე-მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ევროპული ტიპის ავტობუსებით მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ, გარდა ამისა, მოხდება გარემოს ნაკლები დაბინძურება.
“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით, რომ მოხდებოდა ავტობუსების ჩანაცვლება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 700 ახალი ავტობუსის შემოყვანა. თუმცა, როგორც იცით, მერიის დამტკიცებულ ბიუჯეტში, ავტობუსებისთვის თანხა გათვალისწინებული არ იყო. ვაწარმოეთ სამუშაოები და შევძელით ბიუჯეტის კორექტირება. მომზადებული გვაქვს პროექტის სახით, სადაც დაახლოებით 50 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი ავტობუსების შესაძენად. ეს იქნება 100 ახალი ავტობუსი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის შესაბამისი, რომელიც ჩაანაცვლებს ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავტობუსებს, რომლითაც მოსახლეობას საშუალებას მივცემთ კომფორტულად გადაადგილდნენ და ასევე მოხდეს გარემოს ნაკლები დაბინძურება”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.