ირაკლი ხმალაძე - თბილისის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ
2018 წლის ბიუჯეტში რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტის ასახვა მოხდება, ძირითადად იმ პროექტების, რომლებსაც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დავპირდით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
„ბიუჯეტის არსებითი ცვლილება იქნება. ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად იყო დაგეგმილი, თუმცა ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან კახი კალაძის მხრიდან, რათა დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი გაიზარდოს, რომ ყველა ის პროექტი განვახორციელოთ, რომელსაც მოსახლეობას დავპირდით. ჩვენ ველოდებით, რომ საბიუჯეტო ტრანსფერი, საბიუჯეტო დაფინანსება გაიზარდოს და ეს თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდეს. ახლა წარდგენილია 815 მილიონი, გაზრდილ ოდენობას ვერ დაგისახელებთ. ზრდა იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხმალაძემ.