ირაკლი ხმალაძე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ისტორიული კიბე აღვადგინეთ, ხოლო მის მიმდებარედ მოეწყობა ველობილიკი
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ფეისბუქლაივის საშუალებით 26 მაისის მოედანზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კიბესა და შშმ პირთათვის განკუთვნილ პანდუსთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულ კიბესა და პანდუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, აღნიშნული კიბე უკვე რამდენიმე ათეული წელია, არსებობს. 26 მაისის მოედანზე არსებულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კი ის რეაბილიტირდა და ტერიტორია შშმ პირებისთვისაც ადაპტირდა.
„კიბე რამდენიმე ათეული წელია, არსებობს. ეს არის ისტორიული კიბე, რომელიც დაზიანებული იყო და აღვადგინეთ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, კიბის მიმდებარედ უნდა გაიაროს ველობილიკმა. შესაბამისად, რათა შშმ პირების გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული, მათთანვე კონსულტაციით გაკეთდა პანდუსი, რომელიც შეესაბამება იმ სტანდარტს, რაც შშმ პირებს ესაჭიროებათ გადაადგილებისთვის“, – განმარტა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის მოედანზე ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო პანდუსები და გაკეთდა ველობილიკი, რომელიც უახლოეს დღეებში დაიხაზება. ტერიტორია აღჭურვილია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
მერიის ცნობით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოწყობილი პანდუსების ღირებულება, დღგ-ს გარეშე, 10 290 ლარს შეადგენს.