ირაკლი ხმალაძე - მომდევნო ორი წლის განმავლობაში ავტობუსების რაოდენობა 400 ერთეულით გაიზრდება
გვაქვს 1 500 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც ახალმა სატრანსპორტო სისტემამ შეამცირა და გახდა 1 000 ერთეული. ჩვენ, 300 ერთეული ვიყიდეთ და ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დარჩენილი 700 ერთეულის ჩანაცვლება უახლოეს პერიოდში მოხდება.
„ბანკებთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, კაპიტალი მოვიზიდეთ, უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულებები და ამ შეთანხმების მიხედვით, მოხდება დარჩენილი 700 ერთეულის ჩანაცვლება. კერძოდ, ამ 300 ერთეულს გამოისყიდის კომპანია. ჩვენ შევიძენთ დამატებით 300 ერთეულს გამოსყიდული თანხით და დამატებით 400 ერთეულს კომპანია შეიძენს, ჯამში გამოგვივა 1 000 ერთეული და ამით მოხდება მთლიანად ამოღება ყვითელი მიკროავტობუსების ჩვენი სატრანსპორტო ბაზრიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ 1 500 ერთეული მიკროავტობუსი შევამცირეთ 1 000 ერთეულზე, გავზარდეთ ავტობუსების რაოდენობა. ჩვენ არა მხოლოდ ვანაცვლებთ ავტობუსებით, არამედ რაოდენობრივადაც ვზრდით. მომდევნო ორი წლის განმავლობაში 400 ერთეულით გაიზრდება, ეს იქნება რვა და 18-მეტრიანი ავტობუსები. დაახლოებით, 2.5 ჯერ იქნება გაზრდილი ტევადობა და გამტარუნარიანობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის. კვლევის და მუშაობის ეტაპზე ჩვენს კონსულტანტებთან განიხილებოდა 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები, ამ ეტაპზე სისტემა ავაწყვეთ 18-მეტრიან ავტობუსებზე. თუ მომდევნო წლებში დადგება ამის საჭიროება, რომ გავზარდოთ მოცულობა, ამის პრობლემაც არ იქნება. ამ ეტაპზე ჩვენი სისტემა აწყობილია 6,8,10,12 და 18-მეტრიან ავტობუსებზე.
ჩვენ ვამბობდით, რომ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში უნდა მომხდარიყო მიკროავტობუსების გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვა, რაც უფასო გადაჯდომას ნიშნავს. უფასო გადაჯდომა დღეს ჩვენ გვაქვს მეტროდან ავტობუსში. იმ შემთხვევაში, თუ 90 წუთის განმავლობაში გადაჯდებით ან პირველად იხდით და 90 წუთის განმავლობაში, გადაჯდომას არ ვიხდით. ამ სისტემაში ერთვებიან ახალი მიკროავტობუსები. ის 300 ერთეული, რომელიც ახლა მუნიციპალიტეტმა შეიძინა და დამატებით ის 700 ერთეული, რომელსაც წლის ბოლომდე შემოვიყვანთ. იქიდან გამომდინარე, რომ მეტროში, ავტობუსში საფასური გვაქვს 50 თეთრი და მოქმედებს უფასო გადაჯდომა, ასევე გვაქვს შეღავათიანი ტარიფები გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის, ახალი მიკროავტობუსები, ლურჯი მიკროავტობუსები მაქვს მხედველობაში, ესენიც სისტემაში იმავე პირობებით ერთვებიან. ტარიფი იქნება 50 თეთრი, 90-წუთიანი უფასო გადაჯდომა და შეღავათიანი ტარიფი ზუსტად იმ კატეგორიის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ავტობუსში და მეტროში აქვთ შეღავათიანი ტარიფები“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.