ირაკლი ხმალაძე - მეცინება, რატომ უწოდეს ორბელიანების მოედანზე საახალწლო სოფელს რუსული სოფელი, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში
ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ორბელიანების მოედანზე საახალწლო სოფელს რუსული სოფელი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ზურაბიშილი აღნიშნავს: „მიუღებელია, რაც ხდება დღეს ინსტიტუტზე – აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე – ზეწოლა, ბულინგი, პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება. აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან. არცერთ სხვა ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრი და სხვადასხვა გემოვნებაა“.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ასეთივე საახალწლო სოფლები ეწყობა ევროპაშიც.
„ვინ ვის უკითხავს მორალს, არ ვიცი. მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია და ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფლები ევროპაში, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში. მე, პირადად, რუსეთში არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, იმან შეიძლება, გააკეთოს შეფასება, მე წარმოდგენა არ მაქვს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.