ირაკლი ხმალაძე - ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი ღონისძიება გატარდება
ირაკლი ხმალაძე - ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი ღონისძიება გატარდება

ჰაერის დაბინძურება რომ ქალაქის პრობლემაა, ყველამ კარგად ვიცით, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ იმ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებმაც დღეს მერიასთან ეკოლოგიური საკითხების მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართეს.

ხმალაძის თქმით, ის იზიარებს ახალგაზრდების სულისკვეთებას და მერიამ უნდა უზრუნველყოს მათი ჩართულობა ეკოლოგიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში.

„წელიწადზე მეტია, ბევრი რამ დავგეგმეთ და ვახორციელებთ ამ მიმართულებით ქალაქში. კიდევ უფრო მეტი ღონისძიება განხორციელდება ჰაერის დაბინძურების შემცირებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, განცხადებით, ჰაერის დაბინძურება დედაქალაქში ტრანსპორტის გამონაბოლქვისა და სამშენებლო ბაზაზე საშენი მასალის უსისტემო მიმოქცევის პრობლემებს ეფუძნება.

მისი თქმით, ორივე მიმართულებით მერიას ეფექტიანი გეგმა აქვს შემუშავებული.

„არის ორი ძირითადი პრობლემა: ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი, რომელიც ჰაერს აბინძურებს და საშენი მასალის უსისტემო მიმოქცევა თბილისის სამშენებლო ბაზაზე. ორივე მხარეს ძალიან ეფექტური გეგმა გვაქვს შემუშავებული და ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ. საინიციატივო პაკეტიც არის პარლამენტში წარდგენილი სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით. ამას ემსახურება ზონალური პარკირებაც, ტაქსების რეფორმაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლება არის დაახლოებით ორწლიანი პროგრამა, რომელიც რა თქმა უნდა შედეგებს მოიტანს.

მნიშვნელოვანია მეორე მიმართულებაც, რომელიც არის სამშენებლო სექტორი. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს, მოახდინოს გარკვეული დამატებითი შემზღუდავი მექანიზმების საშენი მასალის განთავსებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერიასთან დღეს „მწვანე კლუბის” ორგანიზებით სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.