ირაკლი ხმალაძე - გადახდის ახალ სისტემაში ინტეგრირდება მიკროავტობუსი, მიკროავტობუსში და მიკროავტობუსიდან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა მოხდება სრულიად უფასოდ
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის დანერგვა მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, შვიდი განსხვავებული პაკეტიდან მათთვის სასურველი შეისყიდოს.
„პირველი თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი, ულიმიტო სისტემა ამოქმედდება. ახალი პაკეტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი მომხმარებლებს სთავაზობს, 5 იანვრიდან გაიყიდება. მოქალაქეს შეუძლია, გააკეთოს არჩევანი შვიდი განსხვავებული პაკეტიდან და მისთვის სასურველი ვადიანი და ფასიანი სერვისი შეიძინოს. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის ახალ სისტემაში, დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით, ინტეგრირდება მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკროავტობუსში და მიკროავტობუსიდან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა მოხდება სრულიად უფასოდ. მნიშვნელოვანია ასევე შეღავათიანი და უფასო მგზავრობები, რომელიც გავრცელდება მომხმარებლების არაერთ კატეგორიაზე, როგორიცაა სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, სოციალურად დაუცველები და სხვა მრავალი, რომლებიც ზოგ შემთხვევაში – უფასო, ზოგ შემთხვევაში კი – მნიშვნელოვნად შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ხმალაძის განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში არაერთი რეფორმა განხორციელდა – გადახდის სააბონემენტო სისტემის შემოღებაზე მუნიციპალიტეტი ბოლო ორი წელია, აქტიურად ლაპარაკობს, რაზეც მუშაობა დასრულებულია და პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.