ირაკლი კობახიძე - საქართველოს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის მთავარი მოვლენა მამუკა ბახტაძისთვის ნდობის გამოცხადება იყო.

„მოხარული ვარ, რომ ამ პოზიციას ღირსეული ადამიანი იკავებს და ქვეყანას ღირსეული პრემიერ-მინისტრი ეყოლება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვის საქმეს დიდი წარმატებით გაუძღვება. ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ. მინდა, ბახტაძეს წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება მცირე მთავრობის კონცეფცია. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.