ირაკლი იაშვილი - საინტერესო იყო იმის მოსმენა, რა პროექტები ელოდება დედაქალაქს კახა კალაძის მერობის პირობებში, სამწუხაროდ, სხვა კანდიდატებს არ მივუწვევივართ
ბიზნესმენი ქეთევან სალაყაია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კახა კალაძის შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. მისივე თქმით, სასიამოვნოა, როდესაც დედაქალაქის მერი ბიზნესმენებს მომავალ გეგმებზე ესაუბრება.
„სასიამოვნოა, რომ ვიღაც მაინც გველაპარაკება მომავალ გეგმებზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალაქი მწვანდება, სასიამოვნოა, რომ ხელშეწყობა იქნება ყველასთვის. აქამდე რაც გაკეთდა, რამდენი რამეც გააკეთა, ნამდვილად უალტერნატივო არჩევანია. მე რესტორნები მაქვს. შეხვედრაზე საუბარი იყო ზოგადად, თბილისის განვითარებაზე, რაც ჩემთვის პრიორიტეტულია. ყველა არეულობა ჩემს საქმეს ძალიან სერიოზულად ეტყობა. ამიტომ მინდა, სტაბილური თბილისი და სტაბილური ქვეყანა იყოს. ბიზნესის ხელშეწყობაზეც იყო საუბარი, თუმცა ძირითადად დეველოპერული მიმართულებით. რესტორნებს რაც შეეხება, მუნიციპალიტეტისგან ვინც ქირაობს, ის პრივილეგირებულია, ვიდრე ჩვენ, რომლებიც ვქირაობთ კერძო მოიჯარეებისგან“, – განაცხადა ქეთევან სალაყაიამ.
კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.
„ზოგადი ხედვა იყო წარმოდგენილი. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და ამ ქალაქში მაცხოვრებლისთვის ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რა პროექტები განხორციელდება და რა ელოდება ჩვენს ქალაქს იმ შემთხვევაში, თუ კახა კალაძე გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, სხვა კანდიდატებს ჩვენ არ მივუწვევივართ, თორე სიამოვნებით მივიდოდი ყველას მოსასმენად, რადგან ობიექტურად მართლა მაწუხებს ბევრი საკითხი, განსაკუთრებით განაშენიანების პრობლემა და მიწისქვეშა პარკინგების საკითხი. საერთოდ ნებისმიერ კანდიდატის, რომელსაც სურდა, გამხდარიყო ამ ქალაქის მერი, ყველას სიამოვნებით ვკითხავდი, რაც მაინტერესებდა, მაგრამ სადაც მიმიწვიეს, იქ მივედი და საინტერესო საკითხებზე მივიღე ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
კახა კალაძემ ბიზნესმენებს თბილისისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ოთხი წელი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით, უფრო ნაყოფიერი იქნება.