ირაკლი იაშვილი - 2008 წელს 15 მანდატი ავიღეთ ოპოზიციამ და პარლამენტის წინ დავჭერით, ყველა, ვინც ეს გააკეთა, გაქრა პოლიტიკიდან, თუ არ შედიხარ პარლამენტში და რჩები ქუჩაში, ხარ მარგინალი
ბუნებრივი ბარიერი ვინც ვერ გადალახა, უნდა აღიარონ, რომ ქართულ პოლიტიკაში ყავლი გაუვიდათ და სახლში უნდა წავიდნენ, – ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.
ბიზნესმენმა 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პროცესებზე, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესზე აღნიშნული პროცესების გავლენაზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, თუმცა თუ პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა, ეს მძიმედ აისახება როგორც ეკონომიკაზე, ისე ბიზნესზე და ზოგადად, ქვეყანაზე.
„იმ ფონზე, როდესაც რეგიონში საბრძოლო მოქმედებებია, არის პანდემია და ისედაც მძიმე ეკონომიკური ფონია, არაკონსტიტუციური მოქმედებები ჩამოშლის ქვეყანას. გამოცდილება მეც მაქვს, უამრავი არჩევნები ჩამიტარებია, მინახავს, როგორ ყრიდნენ ბიულეტენებს და ყუთებს მდინარეში. ეს დრო ხომ წავიდა, საარჩევნო უბნებზე რომ ასეთი გაყალბება აღარ არსებობს, ამაზე უნდა შევთანხმდეთ.
უამრავი ხალხი ესწრება არჩევნებს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, რომლებიც დიდად არ არიან კეთილგანწყობილნი ამ ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად ამისა, ჩატარდა პარალელური დათვლა, რომელიც დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს“, – აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა უბნებზე ოქმებს ხელი მოაწერა.
„თუ გაყალბდა, რატომ მოაწერეს ხელი? ამაზე მკაფიო პასუხი ხომ არ არსებობს? მგონია, რომ ეს არჩევნები იყო ეპოქალური გარდატეხის. ამ არჩევნებმა ბევრი ძველი პოლიტიკური სახე უნდა ჩამოაცილოს პოლიტიკას. ამის აღქმა და აღიარება ძალიან მძიმეა იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც ბოლო ათეული წლებია, საქართველოში არსებობენ. ისინი ამთავრებენ პოლიტიკურ ცხოვრებას და მოდიან ახლები. ბუნებრივი ბარიერი ვინც ვერ გადალახა, უნდა აღიაროს, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში ყავლი გაუვიდათ და სახლში უნდა წავიდნენ.
2008 წელს 15 მანდატი ავიღეთ მაშინდელმა ოპოზიციამ და პარლამენტის წინ დავჭერით, არ შევედით პარლამენტში. მაშინ ყველა პოლიტიკური ფიგურა, ვინც ეს გააკეთა, გაქრა ქართული პოლიტიკიდან. ეს უნდა გახდეს მაგალითი. თუ არ შედიხარ პარლამენტში და რჩები ქუჩაში, ხარ მარგინალი. ამიტომ ის ახალგაზრდა პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ამ ნაბიჯს გადადგამენ, საკრალურ შეცდომას დაუშვებენ. ამით ისინი დაასამარებენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს“, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.
ბიზნესმენის თქმით, ის პროცესები, რაც ახლა ხდება, ასევე საკმაოდ ცუდად აისახება ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. იაშვილის განცხადებით, არჩევნების ხელმეორედ ჩატარება იმიტომ, რომ ვიღაც პარლამენტში ვერ მოხვდა, სწორი არ არის.
„კიდევ ერთხელ მიიყვანო ხალხი არჩევნებზე, კიდევ ხალხმრავლობა, რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. მთელი ევროპა ლოკდაუნშია, ჩვენც ამას მივიღებთ და მერე ისევ მთავრობას დაბრალდება ყველაფერი“, – დასძინა ირაკლი იაშვილმა.
როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, პირდაპირი კორელაციაა მიტინგსა და ლარის გაუფასურებას შორის, რადგან ეროვნულ ვალუტას ისედაც პრობლემები აქვს და ამით კიდევ დამატებითი ზეწოლა ექმნება.
„ამას ვერ გაუძლებს ვერც ეროვნული ბანკი და ვერც ვერაფერი. რაც შეეხება მოლოდინებს, მე მგონია, რომ ახალგაზრდა პარტიები და პოლიტიკოსები გონივრულად მოიქცევიან და ერთი პარტიის სცენარში არ ჩაეწერებიან. ამით ეკონომიკასაც გადავარჩენთ“, – აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.