საქართველოში არის უცხო ქვეყნების „მეხუთე კოლონა“, კონკრეტული ორგანიზაციები და კონკრეტული გვარ-სახელები, რომლებიც თავიანთი დონორების დავალებას ასრულებენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დონორები საკმაოდ გულუხვები არიან მათ მიმართ. საქართველოში, დაახლოებით, 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, მაგრამ რეგულარულ დაფინანსებას 200 ორგანიზაცია იღებს. ისინი არიან დასავლეთის ფავორიტები და ძირითადად უცხო ქვეყნების ინტერესების განხორციელება-დაცვას ემსახურებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აი, ეს არის მთავარი პრობლემა“, – განაცხადა გოგავამ.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა ხშირად სპეცსამსახურების მიერ გამოიყენება და თუ არსებობს ინტერესი, რომ აქ სიტუაცია დაიძაბოს და გინდა თუ არა, მეორე ფრონტი გაიხსნას, ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ იქცა ნორმად არანორმატიული ლექსიკა, ქმედება და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა „მოლოტოვის“ კოქტეილი თუ შუღლის გაღვივებაც ნორმად არ დამკვიდრდეს, რადგან უკვე გვაქვს რეალობა, სადაც ვინმეს სკაბრეზით მოხსენიებას ნაწილი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არქმევს და არანორმატიული ლექსიკით ერთმანეთის პოლიტიკური ანგარიშსწორება ნორმად არის ქცეული, ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ ის 90-იანი წლებიდან აკვირდება პროცესებს, ერთგვარად, ცოცხალი მემატიანეა და აქედან გამომდინარე, აქვს დასკვნა, რომ ამ ყველაფრის წყარო სწორედ „მეხუთე კოლონაა“.
„ხომ გვიყიჟინებენ, რომ პოლარიზაცია უნდა აღმოიფხვრას? რომ გავაანალიზოთ, პოლარიზაციის მთავარი წყარო არის „მეხუთე კოლონა“, რომელიც გარე გრანტებით იკვებება და ისინი ქმნიან ურთიერთობის ასეთ კულტურას. ეს 90-იანი წლებიდან დაიწყო, მერე 2000-იან წლებში გაგრძელდა რადიკალიზმი, ინსტიტუციური ფორმა მიიღო და ა.შ.“ – განაცხადა გოგავამ.
როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, დასავლეთში ჩვენი პარტნიორების არადაბალანსებულმა საგრანტო პოლიტიკამ, ფაქტობრივად, გამოიწვია ის, რომ სამოქალაქო სექტორი არის ცოცხალ-მკვდარი.
„ძირითადად, ფინანსდება მხოლოდ ეს პრივილეგირებული, იდეოლოგიზებული ულტრალიბერალური ჯგუფები, 10 000-დან მხოლოდ 200 ორგანიზაცია ფინანსდება უხვად. ასევე, მედიასაც რომ შევხედოთ, იგივე ვითარებაა. მე ვფიქრობ, ქართული სახელმწიფო – ეს არის დიდი მონაპოვარი. თაობები საუკუნეების განმავლობაში არ ღირსებია დამოუკიდებელ საქართველოს. მთელი სამიათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო მეტ-ნაკლებად ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო სულ რაღაც 200 წელი იყო და ჩვენ, ჩვენს თაობას გვერგო ეს ბედნიერება. შესაბამისად, ეს გასაფრთხილებელია და თუ უნდა გავუფრთხილდეთ, ესე იგი, უნდა გვქონდეს ჩვენი სუვერენიტეტი, ხოლო სუვერენიტეტი რომ გვქონდეს, ამისთვის საჭიროა, ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილებები და სხვებმა არ მოგვახვიონ თავს. ეს „მეხუთე კოლონა“, ენჯეოსექტორი, არის ინსტრუმენტი უცხოელების ხელში, რომ მიგვაღებინონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მათ უნდათ“, – განაცხადა გოგავამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ექცევა თუ არა სახელმწიფო სტრუქტურები და, მათ შორის, პარლამენტი, თუნდაც შიდა დაპირისპირების შიშით, გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ, იქნება ეს შიდა თუ გარე ძალები, თამაშის რა წესებს ვამკვიდრებთ და რა ფუნქცია რჩება სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციას იმ შემთხვევაში, თუ მას ვინმე უკარნახებს ქვეყნის გარედან, შიგნიდან თუ ქუჩიდან, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ბულინგი და მუდმივი ზეწოლა არის ინსტრუმენტი, რათა პარლამენტარმა ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად არ იმოქმედოს, როცა ეს გარე ძალებს სჭირდებათ.
მისი თქმით, სისტემურად რომ გავაანალიზოთ, რა დღის წესრიგი ფინანსდება იმ 400 მილიონი დოლარით, რომელიც „ენჯეოებზე“ მოდის, თმები ყალყზე დაგვიდგება.
„მათ შორის, მინიმუმ, ერთი მესამედი არის შობადობის შემცირების ღონისძიებები“, – განაცხადა გოგავამ.
პოლიტოლოგმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება, ახალი წესრიგი მზადდება და დასავლეთის ძალის ცენტრები დღეს არნახულად სუსტია, მათ შორის, აშშ-ში შიდა უმწვავესი პოლარიზაციის გამო, შესაბამისად, ჩვენ გაგვიჩნდა შანსი, მეტი სუვერენიტეტი მივიღოთ, მივიღებთ კიდეც და „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება არის სწორი ნაბიჯი.
„შესაბამისად, რა თქმა უნდა, მიტინგებს და რაღაცებს მოაწყობენ, მაგრამ დასავლეთიდან ჯერ არ იქნება მოსული ბრძანება – შევარდით, თუმცა ეს შეიძლება, მოხდეს მერე, არჩევნების ჟამს“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.