ირაკლი გოგავა - ევროკავშირს მხოლოდ პატარა საქართველოსგან, სულ მცირე, 4-5 მილიარდის ეკონომიკური სარგებელი აქვს, რაც სამართლიანი არ არის და უნდა გადაიხედოს
ირაკლი გოგავა - ევროკავშირს მხოლოდ პატარა საქართველოსგან, სულ მცირე, 4-5 მილიარდის ეკონომიკური სარგებელი აქვს, რაც სამართლიანი არ არის და უნდა გადაიხედოს

ჩვენ მივხვდით, რომ ეს რეზოლუციები და უცხოეთის განცხადებები, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, არ არის ბიბლია და არ არის თუნდაც კონსტიტუცია, – ამის შესახებ ექსპერტმა ირაკლი გოგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„90-იან წლებში, როდესაც ჩვენ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიყავით, საქართველოში ქვეყნის მართვის და სახელმწიფოს შენების ტრადიცია არ იყო. ეს ტრადიცია 200 წლის წინ დავკარგეთ და შემდეგ იყო ფრაგმეტული და არა სისტემური, ნებისმიერი ასეთი რეზოლუცია, ნებისმიერი კონგრესმენის თუ სტრასბურგის განცხადება საქართველოში იყო ნომერ პირველი თემა. ამ განცხადებებს და რეზოლუციებს ხალხი ბიბლიასავით უყურებდა და უსმენდა, მაგრამ მოხდა ის, რომ ხალხი დაბრძენდა, მივხვდით, როგორ მუშაობს თანამედროვე საერთაშორისო სისტემა, რა ძალებია, რა ინტერესები, როგორია რეალური პოლიტიკა, ის, რასაც ლოზუნგებით თავს გვახვევენ და, შესაბამისად, მივხვდით, რომ ეს რეზოლუციები და უცხოეთის განცხადებები, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, არ არის ბიბლია და არ არის თუნდაც კონსტიტუცია“, – განაცხადა გოგავამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად შეიძლება, ევროპარლამენტის მსგავსი რეზოლუციები აღმოჩნდეს ხელისშემშლელი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ მას კონტაქტი აქვს ევროპის წამყვან ანალიტიკურ ცენტრებთან, მკვლევარებთან, ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსებთან და იცის ინსაიდერული შიში თუ აზრი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ამ ეტაპზე ევროკავშირის მმართველი ელიტების მიერ დაგეგმილი არ არის.

„ევროპა, საერთოდ, გამოირჩევა განსაკუთრებული გამოყენებითი მიდგომით. მათ ძალიან პრაგმატული ჭკუა აქვთ და ეს პრაგმატული ჭკუა კაპიტალისტურ წყობაში, პირველ რიგში, არის ფული, შემოსავალი, საკუთარი ინვესტიციების დაცვა და ა.შ. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას რომ გადავხედოთ, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის სამართლიან, ეკონომიკურ საფუძვლებზე აწყობილი თავიდანვე. ამიტომ აუცილებელია, ეს გადაიხედოს და ამ ურთიერთობის ახალი ფორმატირება მოხდეს“, – განაცხადა გოგავამ.

მისი თქმით, ევროკავშირს მხოლოდ პატარა საქართველოსგან, საერთო ჯამში, სულ მცირე, 4-5 მილიარდის ეკონომიკური სარგებელი აქვს, რაც სამართლიანი არ არის და უნდა გადაიხედოს.

„მათ ურჩევნიათ, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ თქვენ როდესაღაც ევროპული პერსპექტივა გაქვთ, წევრი გახდებით და ა.შ. მაგრამ, რეალურად, ეს არის, რატომაც ამას აკეთებენ, რომ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებენ, კანდიდატის სტატუსით, პერსპექტივით და სხვა დაპირებებით“, – განაცხადა გოგავამ.

გოგავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს და აწყობს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეს რეალისტური არ არის.

„შესაბამისად, თავი არ უნდა მოვატყუბინოთ. ეს არის ქართული და ევროპული ინტერესების შესაბამისი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.