ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ მოსამართლეებს მათი ინტერესების, სასამართლოს დაცვაში, მე, როგორც პრემიერი, ამას ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ უფრო მეტი შემართებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლეები, რომლებზეც გავრცელდა სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არიან პროფესიონალები, ემსახურებიან ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას.
ღარიბაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მოსამართლეების პროფესიულ მომავალზე რაიმე გავლენა არ ექნება.
„ყველა ეს მოსამართლე, რომელზეც გავრცელდა გადაწყვეტილება, მე ვიცი და ყველამ იცით, რომ არიან ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც მთელი თავიანთი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ვფიქრობ, აღნიშნულს არ ექნება რაიმე სახის გავლენა. საერთოდ, მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველა ხელისუფალის, თითოეული მოქალაქის ვალდებულება უნდა იყოს – და ჩვენი მოვალეობა არის – მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსამართლეებს მათი ინტერესების დაცვასა და სასამართლოს დაცვაში. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ამას ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ უფრო მეტი შემართებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.