საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო.
ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს – საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ეფუძნება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.