ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელი მოსწავლეები მოინახულა, რომლებიც 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულ სექტორზე სწავლობენ
ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სახლებში დაბრუნებას მშვიდობიანად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოხატავს უკრაინის მიმართ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს ჩვენ მოვინახულეთ უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც დროებით ჩამოვიდნენ საქართველოში და დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შვილებს. ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს სკოლაში მოვინახულე პირველკლასელები ჩემს შვილებთან ერთად, რომლებიც ასევე პირველკლასელები არიან. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ვუსურვო მალე დაბრუნება საკუთარ სახლებში. ჩვენ ის ტკივილი რასაც ისინი ახლა გადიან გამოცდილი გვაქვს არა ერთგზის და მე ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობის დამყარებას, ომის მალე დასრულებას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სახლებში დაბრუნებას მშვიდობიანად. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი მაქსიმუმს აკეთებს, ჩვენ ვართ 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში, 500 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა ჩვენი ხალხის მიერ, ესაა ქართველი ხალხის საჩუქარი და დახმარება უკრაინელი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას და ყურადღებას გამოვხატავთ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური უკრაინულენოვანი სექტორის სასწავლო პირობებით პირადად დაინტერესდა და მოსწავლეებს გაესაუბრა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 41-ე საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის ყველა მოსწავლეს ნოუთბუქები და სააღდგომო საჩუქრები გადაეცა.
სასწავლო პირობების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტროს გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში 2 კვირაში აღადგინა უკრაინულენოვანი სექტორი, რომელიც 2011 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. სექტორზე პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე წარიმართება სასწავლო პროცესი. მოსწავლეებს სკოლაში დახვდათ უკრაინული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საბავშვო და საყმაწვილო უკრაინული ლიტერატურით.
საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ყველა საგნისთვის კვალიფიციური პედაგოგები შეირჩნენ. მათ შორის არიან, როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები. მასწავლებლებისთვის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად უზრუნველყოფს.
უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 211-მა მოსწავლემ გამოთქვა. მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მოსწავლე სწავლისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით უზრუნველყო. მოსწავლეები კი სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 668 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.