ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ირაკლი ბებუას და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას.

პოზიტიურად შეფასდა მოლაპარაკებების ბოლო, 54-ე რაუნდზე გადაუდებელ საკითხებზე სამუშაო ქვეჯგუფების შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ხელშესახები შედეგები დადგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დევნილთა დაბრუნების და გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე და ამ პროცესში თანათავმჯდომარეების როლი გადამწყვეტია.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის აქტიურ ნაბიჯებს დგამს და აქტიურად მუშაობს ერთიანი ეროვნული მიდგომის და ყოვლისმომცველი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაზე.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. პოზიტიურად შეფასდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.

პრემიერ-მინისტრი ტოივო კლაარს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე – „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში გამოვიდა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.