ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ დაათვალიერა
ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, რეგიონული ტურნეს ფარგლებში თელავში ახლად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ დაათვალიერა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ კოლეჯს თანამედროვე სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები აქვს.

მთავრობის მეთაურს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კოლეჯის რექტორმა კოტე დოლიძემ მიაწოდა. კოლეჯის რეაბილიტაცია და აღჭურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სასწავლო შენობის სრული რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 575 000 ლარი, ხოლო აღჭურვისთვის 715 000 ლარი დაიხარჯა.

ახლად რეაბილიტირებულ კოლეჯში სწავლა არაერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარეობს. გარდა საკვალიფიკაციო პროგრამებისა, კოლეჯი ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სამშენებლო მიმართულებით.

პროფესიულ კოლეჯში პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.