საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა და 2020 წლის საქმიანობა შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანა თავდაცვის ძალების აღმშენებლობა და გაძლიერებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის ძალების 10-წლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვის ფარგლებში, მზადყოფნისა და საბრძოლო შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას და აშშ-სთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ქართული ჯარი სრულად აღიჭურვება ნატო-ს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას – განახლდება და გარემონტდება საჰაერო თვალთვალის რადარები. მოხდება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების „დრონების“ შეძენა, იგეგმება სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით – ამ კონტექსტში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარება, შესაბამისად სადაზვერვო-ელექტრონული კომპლექტების შეძენის საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ასევე იგეგმება „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენა და თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა.
ანგარიშში უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ერთობლივი საწარმოს შექმნაზე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან. ირაკლი ღარიბაშვილი „დელტას“ მიერ წარმოებულ მოდერნიზებულ ჯავშანმანქანებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართული ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა პირველად მიიღეს საქართველოში წარმოებული სამხედრო მანქანები.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯარის განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი მის ინსტიტუციურ, გრძელვადიან და მდგრად განვითარებას ემყარება. მისი თქმით, მომდევნო 10 წლისთვის შემუშავდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება.
უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის, ასევე სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებაზე, რომელიც წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარით განისაზღვრა; საბინაო პოლიტიკაზე, რომლის ფარგლებში მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის – Army City“ მშენებლობა დაიწყო და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ; ნატო-ს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის ეკიპირებაზე, კვებითი რაციონის გაუმჯობესებაზე – ჯარი კვების ახალ სტანდარტზეა გადასული, რაც საკვების რაოდენობის და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნიშნავს,ქართული ჯარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით; სადაზღვევო პაკეტისა და სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებასა და განათლების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე – სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.
მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებებიდან განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებული მიმდინარეობა, ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარება, საავიაციო პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროცესი, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლა, საბჭოთა წარმოების მოძველებული სპეც-ტექნიკის ჩანაცვლება მსოფლიო ლიდერი კომპანიების (გერმანული „MAN“ – ის, იტალიური „IVECO“ -ს და ამერიკული „FORD“) სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით (ჯამში უწყებამ 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეიძინა) და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა (ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატო-ს სტანდარტით მოეწყო, რისთვისაც თავდაცვის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო. ჯამში, 60 ლოკაციაზე ნატო-ს სტანდარტების რეაბილიტაცია ჩაუტარდა 250 ობიექტს). ირაკლი ღარიბაშვილი ეფექტიან კიბერუსაფრთხოებისა და ნატო-ს შტაბ-ბინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის უწყვეტობის უზრუნველყოფის საკითხებსაც შეეხო.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წელი თავდაცვის უწყებაში სამხედროებზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული და საზოგადოებას სამხედროების დაფასებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მან ხაზგასმით აღნიშნა დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის მნიშვნელობა და განსაკუთრებით, მათთვის აშშ-ის მხარდაჭერით, რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა და სახელფასო დანამატის დანიშვნა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეფექტიანი სოციალური პოლიტიკა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფის და თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი ქმედითი თავდაცვის ძალების აღმშენებლობის პროცესში ერთგული და ძლიერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მან ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, საერთაშორისო სწავლებების მზარდ დინამიკასა და მასშტაბებზე, ასევე, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული თანამშრომლობა.
თავდაცვის მინისტრმა „დელტა ტექსტილზეც“ ისაუბრა, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი სამხედროებს მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმებით უზრუნველყოფს.
მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა და მართვის ღონისძიებებზეც ისაუბრა. მან უხილავ მტერთან ბრძოლაში გორის სამხედრო ჰოსპიტალის გაძლიერებული სამედიცინო შესაძლებლობები აღნიშნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და ყველა სამხედრო სერვისის დროული და ეფექტიანი მიწოდების მიზნით, რეკრუტირების ცენტრების ჩამოყალიბებაც დაანონსა, რომელიც საზოგადოებას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.