საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტის ტექნოპარკში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დელეგაციასთან ერთად ტექნოპარკი დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.
„ირაკლი ღარიბაშვილს ტექნოპარკის ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჟამშიდ ხოჯაევმა, ტექნოპარკის დირექტორმა სარვარ ახადოვმა და ტაშკენტის მერმა ჯახონგირ არტიკხოჯაევმა მიაწოდეს.
ტაშკენტის ტექნოპარკი 2019 წელს დაარსდა და ტექნიკურ, ელექტრონულ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციას აწარმოებს. აღნიშნული პროდუქცია ორიენტირებულია, როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზარზე. ტექნოპარკის ტერიტორიაზე 13 საწარმოო ობიექტი ფუნქციონირებს და 5 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტთან იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო.