ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა.
ვიცე-პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 2014 წელს გადაეცა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა, რომელიც ააიპ „აგროსა“ და შპს „აგრო-ქართუს“ მიერ საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, 80 ჰექტარ ფართობზე განთავსებულია ვაზის 470-მდე ქართული და 350-მდე უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია; 400-ზე მეტი თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სადედეები, 90-მდე სახეობის ტყის მცენარეების ცოცხალი კოლექცია, თუთის 11 ჯიშისა და 30-ზე მეტი ფორმის კოლექცია, გოჯი ბერის 5 სხვადასხვა ჯიშის 1000-მდე საბაზისო ნერგის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სამყნობ-სასტრატიფიკაციო და სამაცივრე კომპლექსი, მცენარეთა ფუმიგაციის და თერმული დამუშავების კომპლექსი, ვირუსოლოგიის ლაბორატორია და სათბურ-ორანჟერიები.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე დასრულებულია მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მშენებლობა, სადაც შეიქმნება ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი და ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 888 882 ლარია.
პრემიერ-მინისტრთან ერთად მრავალწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ.