ირაკლი ღარიბაშვილმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა განათლების პროგრამები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა განათლების სტანდარტებთან თავსებადია.
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს და მიღებული ცოდნის ქვეყნის სამსახურში გამოყენება უსურვეს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა რიგით II სამეთაურო-საშტაბო კურსი ცხრა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. მათ კურსის მიმდინარეობის პერიოდში შეისწავლეს დისციპლინები: ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორია, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხები, ბატალიონის, ბრიგადის ოპერაციების დაგეგმარების პროცესი და საბრძოლო მომზადების ორგანიზება, ლიდერობა და მენეჯმენტი.