ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მომზადდა.
„თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტში, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, გათვალისწინებულია წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. წვევამდელებისა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაციის შემდეგ დამკვიდრდება თავდაცვის უწყების მართვის ახალი მიდგომა. შეიქმნება წვევამდელთა სრულიად ახალი, მოქნილი სისტემა.
თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ ახალი კოდექსი ჯარისკაცების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კანონით დარეგულირებას გულისხმობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც შესაძლებელი გახადა 2022 წელს მიღწეულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. აღინიშნა, რომ „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება, 1000-ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი ესწრებოდნენ.