ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ახალი გუბერნატორები წარადგინა.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დაინიშნა გიორგი გუგუჩია, ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორად ვალერიან მჭედლიძე.
„გიორგი გუგუჩია პროფესიით არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში. ის არის ძალიან გამოცდილი კადრი. არის ზუგდიდიდან. ძალიან კარგად იცნობს რეგიონს. მჯერა, რომ იქნება წარმატებული გუბერნატორი და მას ვუსურვებ წარმატებებს.
ვალერიან მჭედლიძე წარმოშობით არის გორიდან. არის საჯარო სექტორის ძალიან წარმატებული თანამშრომელი. ვალერიან მჭედლიძე ბოლო დროს ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტს. ის ლევან დავითაშვილის ძალიან წარმატებული თანამშრომელი იყო. ასე რომ, ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.