ირაკლი ღარიბაშვილმა Rothschild & Co-სა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა
ირაკლი ღარიბაშვილმა Rothschild & Co-სა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებაზე სტრატეგიის შემუშავების პროცესი, რომელზეც Rothschild & Co-ი და კომპანია KAISER PARTNER-ი მუშაობენ, აქტიურ ფაზაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს Rothschild & Co-ისა და KAISER PARTNER-ის მმართველ დირექტორებთან, არიელ მალარდ დე როტშილდსა და შტეფან ლინიგერთან განიხილა.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, სტრატეგიაზე მუშაობა მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს, რათა უმოკლეს ვადებში დაიწყოს მისი განხორციელება. მთავრობის მეთაურმა კომპანიების ხელმძღვანელებს ამ პროცესში საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კომპანიის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებში აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს, რათა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში მაქსიმალურად აისახოს პრიორიტეტული მიმართულებები. დოკუმენტის პირველად ვერსიაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.

შეხვედრას კომპანია KAISER PARTNER-ის წარმომადგენელი ტილა კავენგი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.