ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ დაათვალიერა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ასევე ადგილზე წარმოების განვითარების თვალსაზრისით.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კერკი“ ხუთი სახის პროდუქციას – ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, ცუკატს და თხილეულს აწარმოებს.
„საწარმო 2021 წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამების, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრის, ასევე ევროკავშირის, USAID-ის და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით.
საწარმოს ინვესტიციის სრული მოცულობა 750 000 აშშ დოლარია, დასაქმებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი.
საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.