ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მიმართა - აკო მინაშვილს ომის დასრულების შემდეგ ხელი აქვს მოწერილი კაპიტულანტურ რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ ბრალი დასდეთ სამხედროებს ომის დაწყებაში, ამიტომ ხტუნაობდა აქ ზედმეტს
ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ნატო-ს ყველა წევრის კონსენსუსზე და გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით. კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, მეგის ქარდავას და დათა ახალაიას მეგობარ აკო მინაშვილს ხელი აქვს მოწერილი კაპიტულანტურ რეზოლუციაზე, სადაც წერია, რომ ბრალი დასდეს სამხედროებს ომის, სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. როგორც პრემიერი ამბობს, ამის შედეგად მიღებულ იქნა დაკანონებული ოკუპაცია.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით ბევრი გულანთებული ქართველი ხალხი იცავს იმ მონაპოვარს, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა.
„ნატო-ში გაწევრიანების საკითხს რაც შეეხება, მინდა, ძალიან მკაფიო ვიყოთ და ზედმეტი სპეკულაციები არ დავიწყოთ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ნატოს- წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე. ეს დამოკიდებულია ნატო-ს ყველა წევრის კონსენსუსზე და გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენს ოპონენტებს არ მოეწონებათ – კიმაგრამ, 2007 წელს რუსულმა ქვედანაყოფებმა, ბოლო კონტიგენტმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, რუსული ჯარები გავიდა 2007 წელს საქართველოდან. 2008 წელს მახსოვს, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალიან ბევრი ლიდერი იძახდა, რომ რუსეთი საერთოდ არაფერ შუაშია, ჩვენ საქმე გვაქვს ოსებთან. მოიგონეს, კოდორს დაარქვეს ზემო აფხაზეთი და ასე შემდეგ. რამდენიმე დღეში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი.
რუსული ჯარი შემოვიდა საქართველოში. აქ რომ იჯდა ვაჟბატონი, მეგის ქარდავას და დათა ახალაიას მეგობარი აკო მინაშვილი, ომის დასრულების შემდეგ ამ ვაჟბატონს ხელი აქვს მოწერილი კაპიტულანტურ რეზოლუციაზე. მაგიტომ ხტუნაობდა აქ ზედმეტს. სად არის თქვენი პროტესტი. რეზოლუციაში პირდაპირ წერია, ბატონმა მამუკა მდინარაძემ წაგიკითხათ, ბრალი დასდეთ სამხედროებს ომის, სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. ამაზე ხელი მოუწერეს სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შედეგად მივიღეთ დაკანონებული ოკუპაცია. რუსეთმა განათავსა ორი ბაზა აფხაზეთსა და ოსეთში, ცხინვალის რეგიონში, მოხდა რუსეთის მხრიდან უკანონოდ აღიარება ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების. ამან საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში პროცესი, რომელიც უკავშირდება ნატო-ში ინტეგრაციას ამ ეტაპზე, ამ მოცემულ მომენტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებენ. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გრძელია სია იმ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა, რომლებმაც 2008 წლის 7 აგვისტოს ქვეყანა დატოვეს და შემდეგ დაბრუნდნენ.
„ვეღარ მოატყუებთ ქართველ ხალხს, MAP-ის მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და შემდეგ ვიხილეთ სასტიკი იმედგაცრუება, დაიწყო ომი შემდეგ. ახლა წაგიკითხავთ გვარებს. დიმიტრი შაშკინი – ის დაინიშნა თავდაცვის მინისტრად „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ბოლო პერიოდში. დიმიტრი შაშკინმა 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, თავდაცვის მინისტრად დანიშნეთ შემდეგ ეს კაცი. 7 აგვისტოს დატოვა საქართველო, ჩამოვიდა 19 აგვისტოს ავსტრიიდან. კობა ნაყოფიამ დატოვა საზღვარი 7 აგვისტოს და შემოვიდა 20 აგვისტოს. ძალიან ბევრია, მთელი სიაა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.