ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა - ივანიშვილი რომ არ მოსულიყო პოლიტიკაში, დღეს თქვენ აქ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, გაწირავდით ქვეყანას და ხალხს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს.
ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში მთელი მიღწევების თანაორგანიზატორი და მანიაკური სისტემის დამანგრეველი.
„რაც შეეხება თქვენ მიერ ნათქვამ ტყუილს, კარგად იცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი. ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო ოლიგარქის განმარტება, აქ ძალიან ბევრს რომ ყვირიან. მე ჩამოვთვალე გვარები – ხაზარაძე, რომელიც იყო მათი პარტნიორი და ძარცვავდა ბიზნესს, პირდაპირი მნიშვნელობით. მიჰყავდა ბიზნესმენები ხაზარაძის ბანკში, იქ ხდებოდა გადაფორმება, სესხის მიცემა და მიზერულ ფასად მიზერულ ღირებულებას უფიქსირებდნენ. მეორე – კეზერაშვილი, ადამიანი, რომელიც არაფრისგან გამდიდრდა, შეჭამა მთავრობის რესურსები, ჯარი გაძარცვა პირდაპირი მნიშვნელობით. მესამე – სააკაშვილი, რომელიც ვითომ მოვიდა ერთი ბინით და დადასტურებული ასეულობით მილიონი აქვს მის ოჯახს. ადამიანს მოქალაქეობაც კი არ აქვს. წარმოიდგინეთ, კაცი 9 წელი იყო პრეზიდენტი, წავიდა, დათმო საკუთარი პასპორტი. ჩვენი დეპუტატებიდან რომელიმემ რომ გააკეთოს ეს, ხომ გაგიჟდებით საერთოდ, წარმომიდგენია, რას იზამთ.
ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ მინდა, მათ შევახსენო. დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში და ვითომ „აღქმებს ქმნიან“. მათი სიტყვით რომ ვთქვა, რომ თურმე ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, მათი ჩატანილი ინფორმაციით, თურმე არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. კაცი, რომელიც მთელი მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და აი, ამ მანიაკური, დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი. ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, მათი მმართველობის დროს – პოლიციის რეფორმა, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, სკოლების, თეატრების, მუზეუმების რეაბილიტაცია, ყველაფერი უკავშირდება მის სახელს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში, დაგამარცხათ თქვენ, გაგყარათ ყველანი ხელისუფლებიდან, თქვენი დამნაშავე რეჟიმი, და ეს ვერ აგიტანიათ. კაცი წავიდა, ოფიციალურად დატოვა პოლიტიკური თანამდებობა, ყველა სტატუსი. არგუმენტი აქვთ, რომ ბატონი ივანიშვილი დღეს თურმე ფლობს ავტორიტეტს.
უკაცრავად, მეგობრებო, მინდა, შევახსენო ჩვენს ამ ძალიან კონსტრუქციულ ოპონენტებს, ოპოზიციას, აშშ-ში, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი პრეზიდენტ ობამას კადრი დაბრუნდა – როგორც თეთრ სახლში, ასევე სხვადასხვა თანამდებობაზე. ეს დაახლოებით იგივეა, რომ პრეზიდენტ ობამას დააბრალოთ ოლიგარქიული ტიპის არაფორმალური მმართველობა. მთავარი არგუმენტი, რაც ამათ აქვთ, რომ ივანიშვილის ხალხია ყველა თანამდებობაზე, უკაცრავად და სააკაშვილის ხალხი ხომ არ იქნება, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? რომელი ქვეყანა მართავს ოპოზიციით საკუთარ მთავრობას? რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული გუნდი, მისი პოლიტიკის გამგრძელებლები, ეს არის აბსოლუტურად გასაგები ყველასთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ მოსულიყო, დღეს საქართველოში იქნებოდა მეორე მარიუპოლი.
„და მთავარი – რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, დღეს აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს. თქვენგან განსხვავებით, ძვირფასო ოპენენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. თქვენ მოგიწევთ, გასცეთ პასუხი შეკითხვას – ვის ემსახურებით? დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.