ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავარის“ ჟურნალისტს მიმართა - მინდა, გირჩიოთ, პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, პირველ რიგში ქვეყანაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ამორალური, ბინძური დავალებები
მინდა, გირჩიოთ, პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, პირველ რიგში ქვეყანაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ამორალური, ბინძური დავალებები, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელმაც პრემიერს კითხვით მიმართა, რომ ის ოლაფ შოლცმა ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა.
ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული კითხვის დამკვეთები უსუსურ მდგომარეობაში არიან.
„არ მინდა, ამაზე გიპასუხოთ. მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია, ანტიეროვნული თქვენი ქმედება, მაგრამ მესმის, რომ დავალებაა. დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ. მინდა, ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ თურმე ჩვენი და თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. ეს მინდა, გითხრათ. მინდა, გირჩიოთ, რომ პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, ჯერ პირველ რიგში თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.