ირაკლი ღარიბაშვილმა მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანესთან, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია.
პრემიერ-მინისტრმა პრინც ღაზის საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს.
„დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი აქვს მეფე აბდალა II-ს, პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მთავრობას. ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული ფაქტი დამდგარიყო დღეს და ჩვენ ყველანი ვართ ამის მომსწრენი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ მნიშვნელოვან მოვლენას და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იორდანიის მეფეს და ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმეში. რაც შეეხება კონცეფციას, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას აქტიურად, ამ საქმეშ ჩაერთვება საპატრიარქო, ეროვნული მუზეუმი. კულტურის სამინისტროს დავავალებ, რომ დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა და კონცეფცია ძალიან მალე იქნებ მზად. ჩემი სურვილია, რომ ძალიან მალე დავიწყოთ მშენებლობა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს კონცეფციაზე შეჯერება. ამ პროექტს რა თქმა უნდა, გვაცნობთ საზოგადოებას და ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საკუთრებაში არსებული 4 000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად მდინარე იორდანეს სანაპიროზეც იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პრინც ღაზისთან ერთად მოინახულა ადგილები, სადაც იოანე ნათლისმცემელი ცხოვრობდა და სადაც მაცხოვარი მოინათლა.
ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.