ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში თავისუფლების მოედნის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში თავისუფლების მოედნის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა, რომელიც პროექტის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარეობს.
მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ ხონში თავისუფლების მოედანზე მდებარე ხუთი მრავალსართულიანი სახლის ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება, ჭანტურიას ქუჩასა და მოსე ხონელის ქუჩაზე კი ცხრა შენობისა და ერთი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და საერთო ღირებულება 5,360,517 ლარს შეადგენს. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.