საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის თეატრში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ღაღანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
ჯემალ ღაღანიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში 3 თებერვალს გარდაიცვალა. ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“);
გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974).
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“. 2022 წელს ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.