საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ემზადებიან.
ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკელ გენერლებთან ერთად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში დაგეგმილ „ამოცანის რეპეტიციის წვრთნის“ საჩვენებელ დღეს დაესწრო. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სწავლების ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.
მინისტრის ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას სწავლების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო შენაერთის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნების დეტალები გააცნეს.
გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ბატალიონი ავღანეთში გადასროლამდე საბოლოო მომზადების სავარჯიშოებს ასრულებს. გერმანიაში გამგზავრებამდე ქართულმა ქვედანაყოფმა ოთხთვიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. საბოლოო შეფასების შემდეგ კი, ქვედანაყოფი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.