ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს საჩუქრად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მუზეუმს საჩუქრად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა.
კასპში მინისტრთან ერთად, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმში დაცული ექსპონატები – გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერლის ღვაწლსა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის გენერალი მაზნიაშვილი სამაგალითოა.
საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი 1990 წლიდან ფუნქციონირებს. სახლ-მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან ჩაუტარდა. კერძოდ, შეიცვალა შენობის კარ-ფანჯრები, აივანი და კიბის მოაჯირები.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.