საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის“ იმპლემენტაციის დინამიკას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.
აღინიშნა, რომ აგრარული მიმართულებით გაგრძელდება ყველა ის ძირითადი პროგრამა/პროექტი, რომელსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებდა, ესენია: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, დანერგე მომავალი, აგროდაზღვევის პროგრამა, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, ტექნიკური დახმარების პროგრამა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები. 2023 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით იზრდება და 200 მლნ ლარს შეადგენს. დაგეგმილია 10,000-ზე მეტი სესხის გაცემა, რომელიც მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის ზრდის მიზანია, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს მეტი ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. 2013 წლიდან 80 ათასამდე 5 მლრდ ლარის სესხია გაცემული.
ამასთან, 2023 წელს გაგრძელდება ბოლო წლების ტენდენცია, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადამამუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას. პირველადი პროდუქციის წარმოების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდია მოთხოვნა გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. 2023 წელს, მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტის 25 მლნ ლარამდე ზრდის შედეგად, გაგრძელდება მეტი ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მზარდი დინამიკა.
დაგეგმილია 60-მდე ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ პროგრამების ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე 289 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების შემნახველი და გადამამუშავებელი 217 საწარმოს შექმნა თანადაფინანსდა 106 მლნ ლარით, რამაც შექმნა შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს პროდუქციის შენახვა/გადამუშავება. გაგრძელდება მრავალწლოვანი ბაღების გაშენების თანადაფინანსება.
პროგრამის – „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა მრავალწლოვანი კულტურის გაშენება, იზრდება იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის შესაძლებლობები. ეწყობა სეტყვის საწინააღმდეგო და სარწყავი სისტემები. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ახალი ბაღები 20 ათასზე მეტ ჰექტარზე გაშენდა. 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონ ლარს და დაგეგმილია 3,500-დან 4000 ჰა-მდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღის გაშენება. 2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიზნობრივი პროექტების ბიუჯეტი იზრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2022 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოა შექმნილი, რომლებიც 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს. სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10 %-იანი ბენეფიტები, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80%-ის ფარგლებში. „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამისთვის“, ჯამურად, 17 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ, პრემიერის ინიციატივით, სახელმწიფომ 2022 წელს 50 მლნ ლარი გამოყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაცემულია 66 მლნ ლარის თანადაფინანსება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 4800-ზე მეტი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (გამწევი, მისაბმელი, მოსავლის ამღები და კომბაინი) შეძენა. 2023 წელს პირველად განხორციელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით. დღევანდელი მონაცემით, თხილის კადასტრში რეგისტრირებულია 68 ათასზე მეტი ბენეფიციარის 30 000 ჰექტრამდე თხილის ბაღი. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის 2023 წელს 16 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. ესენია: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე აშშ-ის, ევროპის და აზიის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 103,368,263 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო, რაც 28%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე; 2023 წელს USAID-ი, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების მხარდაჭერას აშშ-ის, გერმანიის, სამხრეთ კორეის და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე გეგმავს. 2023 წლის ბოლოსთვის ჰიდრომელიორირებული მიწის ფართობი 200 000 ჰექტარს მიაღწევს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 65 მლნ ლარი დაიხარჯება.
საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, 2023 წლიდან იგეგმება მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელება: ზემო სამგორის 19000 ჰა ფართობის სარწყავი ქსელის სრული რეაბილიტაცია, რაზეც 90 მლნ ევრო დაიხარჯება (ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD); ევროკავშირი (EU); სახელმწიფო თანამონაწილეობა); ასევე, მსოფლიო ბანკის 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ახალი პროექტით – GRAIL (Georgian Resilient Agriculture, Irrigation and land) 26000 ჰა ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. პროექტი მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. 2023 წელს დაიწყება USAID-ის ხუთწლიანი 23,75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „ძლიერი სოფლის პროგრამის“ განხორციელება, რომელიც დაეხმარება საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის“ 9-მილიონიანი საგრანტო პროგრამა დამატებით, მინიმუმ, 10,6 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორებისგან.
წარმატებით გრძელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის IV ფაზის განხორციელება (55 მილიონი ევრო – 2021-2025), რაც საქართველოს დამატებით დახმარებას უწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. სურსათის მწარმოებელი ობიექტები სრულად გადავლენ უვნებლობის თანამედროვე HACCP-ის სტანდარტზე. 2023 წლის ივნისიდან, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, სურსათის მწარმოებელი ობიექტები სრულად გადავლენ უვნებლობის თანამედროვე HACCP-ის სტანდარტზე, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესების დაცვას და ბიზესსექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებულის გაფართოება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დაცული ტერიტორიების ფართობი დღეისათვის 900 ათას ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში ფართობი 246 ათასზე მეტი ჰექტრით გაიზარდა. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.
2023 წელს, 20 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და არსებულის განახლება/რეაბილიტაციას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მომდევნო 6 წლის განმავლობაში 16.25 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოხმარდება ახალი დაცული ტერიტორიების (მათ შორის, რაჭის, შიდა ქართლისა და კვერეთის დაცული ტერიტორიების) ჩამოყალიბებას, ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ნაგებობების მშენებლობას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ეკოტურისტული ინფრასტუქტურის განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. 2023 წელს გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით გაძლიერდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები. ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით დაგეგმილია ცენტრალური და რეგიონული სტრუქტურის ოპტიმიზაცია. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ელექტრონული სისტემების დანერგვა, რათა უფრო ეფექტურად განხორციელდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. · გრძელდება ტყის ინვენტარიზაციის პროცესი.
2023 წელს, ინვენტარიზაცია დაგეგმილია, ჯამში, 215 ათას ჰა სატყეო ფართობზე. 2023 წელს ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება, ჯამში, 1 500 ჰა-ზე მეტ ფართობზე. მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, 2023 წელს, ჯამში, საქართველოს მასშტაბით 60-მდე „საქმიანი ეზო“ იფუნქციონირებს. გაგრძელდება თანამედროვე ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურების ინსტალაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2023 წელს დაგეგმილია 137 ახალი სადგურის მონტაჟი. აღნიშნული სადგურები უზრუნველყოფილი იქნება ზუსტი, ოპერატიული, დროული ინფორმაციით, საჭიროა დაკვირვების ქსელის გაფართოება, რომელიც დაფარავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. ფართოვდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. არსებულ სადგურებს დაემატება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 ავტომატური სადგური. თევზის მეურნეობის სექტორის განსავითარებლად 2023 წლის დასაწყისში დადგინდება შავი ზღვის აკვატორიაში აკვაკულტურის ფერმების მოწყობისათვის კონკრეტული ზონები 10-მდე ლოკაციაზე. წარმოება 50 ათას ტონამდე ივარაუდება. ეს ხელს შეუწყობს მასშტაბური უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას და თევზის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანასა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილებზე დაბინძურებული ადგილების რეაბილიტაციის მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებებს განახორციელებს.
მიმდინარეობს კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) კვლევებში აქტიური ჩართულობისა და პროექტირების მიმართულებით. 2023 წლიდან დაიწყება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ სპეციფიკური ნარჩენების (ნარჩენი ზეთების, აკუმულატორებისა და ბატარეების ნარჩენების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილებების ნარჩენების, საბურავების ნარჩენების) შეგროვებისა და რეციკლირების ღონისძიებები და უზრუნველყოფილი იქნება დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა.
მწვანე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2023 წელს აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებაზე. სამუშაო თათბირზე მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.